საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციამ, როგორც Imago-ს სრულუფლებიანმა წევრმა, 10–13 მარტს ვენაში მონაწილეობა მიიღო ასოციაციის ყოველწლიურ შეკრებაში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილნი.

შეხვედრაზე განხილული იყო საოპერატორო სფეროსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები, მათ შორის: ღირსეული სამუშაო პირობები, ამ მიმართულებით საჭირო კვლევები და ახალი რეკომენდაციებისა და რეგულაციების შემუშავება ევროპული საკანონმდებლო ინსტიტუციების მხარდაჭერით.

ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხელოვნური ინტელექტის გავლენას კინოწარმოებაზე და საავტორო უფლებების დაცვის საკითხებს. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ახალი წევრების მიღება, ცვლილებები ორგანიზაციის წესდებასა და მართვის სტრუქტურაში, ასევე მომავალი შეკრების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.
წლევანდელი შეხვედრის მასპინძელი იყო ავსტრიის კინოოპერატორთა ასოციაცია (AAC), რომელმაც დაარსების 50 წლისთავი აღნიშნა.

საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს Imago-ს პლატფორმის გამოყენებით ევროპისა და სხვა ქვეყნების ასოციაციებთან თანამშრომლობას და პროფესიული გამოცდილების გაზიარებას.