პროექტის ფარგლებში კინოსახელოსნო მოზარდებისთვის ბოლნისში კინოოპერატორთა ასოციაციის წევრები -გიორგი შველიძე, ვასილი დოლიძე და დიმიტრი დეკანოსიძე 6 ოქტობრერს ბოლნისში შეხვდნენ ახალგაზრდებს.
საუბარი შეეხებოდა როგორც კინოსაოპერატორო დარგის გაცნობას, ასევე ქართულ კინოში არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს.



პროექტის მიზანია, კულტურული ცხოვრებისა და სივრცეების აშკარა დეფიციტის პირობებში, ბოლნისელ მოზარდებს მისცეს საშუალება ჩაერთონ შემოქმედებით პროცესებში; განივითარონ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების უნარი კინოხელოვნების დახმარებით; გაიცნონ დარგში მოღვაწე საინტერესო პროფესიონალები, გაიზიარონ მათი გამოცდილება და აქტიურად ჩაერთონ კულტურულ ცხოვრებაში.
ამ ყველაფერთან ერთად, მონაწილეებს საშუალება ექნებათ, საკუთარი წვლილი შეიტანონ ბოლნისის კინემატოგრაფიულ ცხოვრებაში, რომელიც დღეს ბოლნისის კინოთეატრის გარშემო არსებობს!
“კინოსახელოსნო მოზარდებისთვის ბოლნისში” ხორციელდება პროექტის „შემოქმედებითი კომპასი“ საგრანტო კომპონენტის “შემოქმედებითი კავშირები” ფარგლებში, რომელიც საქართველოს რეგიონების შემოქმედებით სექტორში ახალი შესაძლებლობების გაჩენას, ცოდნის გაცვლასა და თანამშრომლობითი კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს. პროექტი „შემოქმედებითი კომპასი“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.