საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციის ასიცირებულმა წევრმა, ალექს ჯაფარიძემ, საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრის ჯილდო მოიპოვა ქალაქ პარიზში გამართულ ევროპის დამოუკიდებელ კინოფესტივალზე.
ასოციაციის სახელით გულითადად ვულოცავთ ალექსს ამ მნიშვნელოვანი წარმატებისათვის და ვუსურვებთ შემოქმედებით აღმავლობას!
გამარჯვებული ნამუშევარი — RUDI — შავ-თეთრი, მოკლემეტრაჟიანი ფილმია ფენტეზი ჟანრში. ფილმს დიალოგი არ აქვს, რაც ვიზუალურ განზომილებას კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს. ამბავი მარტოხელა ხანში შესულ კაცზე მოგვითხრობს, რომლის ცხოვრება მოულოდნელად იცვლება, როდესაც მეზობლად ახალბედა გადმოდის. მისი წარმოდგენა ახალ მეზობელზე და რეალობა, რაც საბოლოოდ მის წინაშე იხსნება, სრულიად განსხვავდება. RUDI ვიზუალურად დახვეწილი და ემოციურად დატვირთული ნამუშევარია, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ალექს ჯაფარიძის პროფესიონალიზმსა და კინოოპერატორულ ოსტატობას.




“ალექს ჯაფარიძე” – კამერის კონცეფციის იდეა სცენარის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა და ორი თვე შესაფერის ლოკაციას ვეძებდით. რახან შავ-თეთრად უნდა გადაგვეღო, ლოკაცია, მხატვრობა და კოსტუმიცშესაბამისად ისე უნდა შეგვერჩია, რომ შავის და თეთრის შეხამება ყოფილიყო ძლიერი. კამერაც შავთეთრი იყო. ARRI Alexa XT Monochrome, კოლეგები გაიგებენ ამ სახელს. თავიდან სინემასკოპის (ფართე კუთხიანიგამოსახულება) გადაღებას ვაპირებდი, 2.39:1, მაგრამ ბინა რომ ვიპოვნეთ, მივხვდი რომ ძველი აკადემიური გამოსახულება 1.66:1 აჯობებდა, რადგან ბინას მაღალი ჭერი ჰქონდა და ოთახებიც არა განში, არამედ უფრო სიმაღლეში იყო დიდი.



