არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის
‘’საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია“
წესდება
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1.1 საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია(შემდგომში ასოციაცია) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია და მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმების, საქართველოს კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად.
1.2 საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ‘’არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი’’ იძენს იურიდიული პირის უფლებებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან;
1.3 ასოციაციის სრული სახელწოდებაა:
ქართულად: ‘’არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ‘’საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია“; (სკა);
ინგლისურად: Georgian Cinematographers Association (GCA);
1.4 ასოციაციის სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
1.5 ასოციაციის იურიდიული მისამართი: თბილისი, ნიაღვრის ქუჩა, N 4, ბინა 6
1.6 ასოციაციის ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართია: [email protected]
1.7 ასოციაციას შესაძლოა, ჰქონდეს საკუთარი ემბლება და სიმბოლიკა და ვიზუალური იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები.
1.8 წინამდებარე წესდებით განსაზღვრული მიზნებიდან გამომდინარე ასოციაცია მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც.
1.9 წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ასოციაცია უფლებამოსილია, გაწევრიანდეს სხვადასხვა საერთაშორისო/ადგილობრივ გაერთიანებებში ან მიიღოს მონაწილეობა ასეთი გაერთიანებების შექმნაში.
1.10 ასოციაცია საკუთარ ვალდებულებებზე პასუხს აგებს თავისი ქონებით. ასოციაცია არ არის პასუხისმგებელი მისი წევრების ან/და ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლების მქონე პირების ვალდებულებებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1.11 ასოციაცია უფლებამოსილია დააფუძნოს ფილიალები/წარმომადგენლობები საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.
1.12 ასოციაცია შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
1.13 ასოციაციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, შეუძლია გახსნას საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები, მათ შორის, უცხოურ ვალუტაში. ასევე მას აქვს ბეჭედი თავისი დასახელებით, ბლანკი და სხვა ატრიბუტები.
1.14 ასოციაციას უფლება აქვს თავისი სახელით დადოს გარიგებები, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები; შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში, საარბიტრაჟო და სამედიატორო სასამართლოში.
მუხლი 2. ასოციაციის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
2.1 ასოციაციის მიზანია კინოსაოპერატორო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია.
2.2 წინამდებარე წესდებით განსაზღვრული მიზნის განსახორციელებლად ასოციაცია:
(ა) გეგმავს და ატარებს საგანმანათლებლო, შემეცნებით, კულტურულ და საკოორდინაციო ხასიათის შეხვედრებსა და ღონისძიებებს კინოსაოპერატორო ხელოვნების და მომიჯნავე სფეროების განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით;
(ბ) იცავს კინოოპერატორების საერთო პროფესიულ უფლებებსა და ინტერესებს;
2.3 საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, ასოციაცია უფლებამოსილია, მოიძიოს და მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, შემოწირულობა და გრანტი.
2.4 ასოციაცია უფლებამოსილია, ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას. ასეთი საქმიანობით მიღებული მოგება უნდა მოხმარდეს ასოციაციის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ასოციაციის დამფუძნებლებს, წევრებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
2.5 ასოციაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ასოციაციის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.
მუხლი 3. ასოციაციის დამფუძნებელთა კრება
3.1 ასოციაციის დამფუძნებლები არიან პირები, რომლებიც შეთანხმდნენ „საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაცია“-ს დაფუძნებაზე და ხელს აწერენ არასამეწარმეო იურიდულ პირთა მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირებულ სადამფუძნებლო აქტს.
3.2 ასოციაციის დამფუძნებლები მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ ავტომატურად ხდებიან ასოციაციის წევრები.
3.3 ასოციაციის დამფუძნებელები უფლებამოსილნი არიან ხმათა უბრალო უმრავლესობით დააკომპლექტონ ასოციაციის საწყისი გამგეობა, დანიშნონ გამგეობის საწყისი თავმჯდომარე (პრეზიდენტი).
3.4 ამ მუხლის 3.3 პუნქტში დადგენილი პროცედურის წარმატებით დასრულებისთანავე ასოციაციის დამფუძნებლებს უწყდებათ აღნიშნულ პუნქტში მინიჭებული უფლებამოსილება და აგრძელებენ სარგებლობას ასოციაციის ძირითადი წევრის და ასოციაციაში სხვა თანამდებობის (ასეთის შემთხვევაში) სტატუსით.
ასოციაციის დამფუძნებლები არიან:
- გიორგი შველიძე,
- გიორგი დევდარიანი,
- ომარ გელაშვილი,
- ვასილი დოლიძე,
- შალვა სოყურაშვილი,
- ალექსანდრე დარახველიძე,
- ვიგენ ვართანოვი,
- დიმიტრი დეკანოსიძე.
მუხლი 4. ასოციაციის წევრი და მისი უფლებები და მოვალეობები
4.1 ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს სრულწლოვანი, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი.
4.2 ასოციაციის წევრობის მსურველი წერილობითი განცხადებით მიმართავს ასოციაციის პრეზიდენტს და წარუდგენს შემდეგ დოკუმენტაციას:
ა. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს;
ბ. პროფესიულ ბიოგრაფიას;
გ. საკონტაქტო ინფორმაციას, მათ შორის, ინფორმაციას საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შესახებ, ელექტრონულ ფოსტის მისამართსა და ტელეფონის ნომერს;
დ. ასოციაციის ორი წევრის სარეკომენდაციო წერილს;
ე. ვიზუალური ნაწარმოების ოპერატორის რანგში მუშაობის მტკიცებულებას;
4.3. ასოციაციის წევრობის განაცხადის წარდგენით, პირი ადასტურებს, რომ ეთანხმება ასოციაციის ეთიკის პრინციპებსა და იღებს ვალდებულებას, დადგენილი წესით გადაიხადოს საწევრო.
4.4. ახალი წევრის მიღებასთან დაკავშირებით საბოლო გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის გამგეობა, სიითი შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით.
4.5 ასოციაციის წევრი იხდის საწევროს, რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება ასოციაციის გამგეობის მიერ, სიითი შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით;
4.6. ასოციაციის წევრს წევრობა შეუწყდება:
(ა) ნებაყოფლობით, პირადი განცხადების საფუძველზე;
(ბ) გარდაცვალების, გარდაცვლილად, უგზოუკვლოდ დაკარგულად აღიარების ან ქმედუუნაროდ გამოცხადების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
(გ) ასოციაციის წესდების ან ასოციაციის ეთიკის პრინციპების დარღვევის შემთხვევაში;
(დ) ასოციაციის მიერ დადგენილი წესით საწევროს გადაუხდელობის შემთხვევაში;
(ე) სხვა ისეთი ქმედების განხორციელებისას, რომელიც ლახავს ან საფრთხეს უქმნის ასოციაციის რეპუტაციას ან აფერხებს ასოციაციის საქმიანობას.
4.7. ამ მუხლის 4.6. პუნქტის (გ), (დ) და (ე) ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ასოციაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ასოციაციის გამგეობა, სიითი შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით;
4.8. ასოციაციის გამგეობა ვალდებულია, არა ნაკლებ 10 დღით ადრე აცნობოს ასოციაციის წევრს, რომ განიხილავს მისი წევრობის შეწყვეტის საკითხს. ასეთი ცნობის მიღებიდან არა უმეტეს 7 დღის ვადაში წევრს უფლება აქვს, ასოციაციის გამგეობას წარუდგინოს საკუთარი მოსაზრება განსახილველი საკითხის შესახებ;
4.9. ასოციაციის წევრს უფლება აქვს:
(ა) მიიღოს მომსახურება, რომელსაც ასოციაცია საკუთარ წევრებს სთავაზობს, დადგენილი წესითა და პროცედურების მიხედვით;
(ბ) მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის მართვასა და საქმიანობაში, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით;
(გ) გაეცნოს ასოციაციის წლიურ შინაარსობრივ და ფინანსურ ანგარიშს;
(დ) ისარგებლოს სხვა უფლებებით, რომელიც დადგენილია ამ წესდებით.
4.10. ასოციაციის წევრი ვალდებულია:
(ა) დაიცვას ასოციაციის წესდება და ეთიკის პრინციპები;
(ბ) გაუფრთხილდეს ასოციაციის ქონებასა და რეპუტაციას;
(გ) ხელი შეუწყოს ასოციაციის წინაშე მდგარი მიზნების მიღწევასა და ამოცანების გადაწყვეტას;
(დ) გადაიხადოს საწევრო დადგენილი ოდენობითა და წესით.
4.11. ასოციაციის წევრს არ აქვს უფლება, ასოციაციის სახელით გააკეთოს საჯარო განცხადება ან წარმოადგინოს ასოციაცია სხვა პირებთან ურთიერთობაში, შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით დადგენილი წესით.
მუხლი 5. ასოციაციის საპატიო წევრი
5.1. ასოციაციას შეიძლება ჰყავდეს საპატიო წევრები. საპატიო წევრად მიიღება სრულწლოვანი, ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც საქმიანობს საქართველოს კინო ინდუსტრიაში ან რომლის წევრობა ემსახურება საქართველოს კინო განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნებს;
5.2. საპატიო წევრად მიღებაზე გადაწყვეტილებას იღებს გამგეობა, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით.
5.3. ასოციაციის საპატიო წევრი სარგებლობს იმ მომსახურებითა და ბენეფიტებით, რასაც ასოციაცია საკუთარ წევრებს სთავაზობს. საპატიო წევრი არ არის ვალდებული მონაწილეობა მიიღოს საერთო კრების საქმიანობაში. საპატიო წევრი საერთო კრებაზე არ სარგებლობს ხმის მიცემის უფლებით. საპატიო წევრი ვალდებულია დაიცვას ამ წესდებით გათვალისწინებული წესები.
5.4. საპატიო წევრობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ წესდების მე-4 მუხლის 4.6. (ა), (ბ), (გ), (ე) ქვეპუნქტების. 4.7. და 4.8 . პუნქტების შესაბამისად.
მუხლი 6. მართვის ორგანოები
6.1 ასოციაციის მართვის ორგანოებია წევრთა საერთო კრება და გამგეობა;
6.2 ასოციაციის მართვის უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს ასოციაციის წევრთა საერთო კრება. ასოციაციის დამფუძნებლები მონაწილეობენ წევრთა საერთო კრების საქმიანობაში ისევე როგორც წევრები;
6.2.1 ასოციაციის წევრთა საერთო კრებას იწვევს გამგეობა წელიწადში ერთხელ ან ნებისმიერ დროს, როდესაც ამას ასოციაციის ინტერესები მოითხოვს;
6.2.2 გამგეობა ვალდებულია, კრების გამართვამდე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე წევრებს აცნობოს კრების ჩატარების თარიღი და გააცნოს კრების დღის წესრიგის პროექტი;
6.2.3 ასოციაციის წევრთა საერთო კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება წევრთა 2/3;
6.2.4 ასოციაციის წევრთა საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე:
(ა) გამგეობის წევრთა არჩევა ასოციაციის წევრთაგან;
(ბ) გამგეობის მიერ ჩატარებული სამუშაოს შედეგებისა და ანგარიშების დამტკიცება;
(გ) ასოციაციის წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებების და დამატებების შეტანა;
(დ) ასოციაციის მიზნის შეცვლა;
(ე) ასოციაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია;
(ვ) ასოციაციის ქონების გასხვისება და/ან სხვაგვარად განკარგვა ასოციაციის საქმიანობის, ორგანიზაციული განვითარების, მისი მიზნების განხორციელების ხელშეწყობის ან საქველმოქმედო მიზნით;
(ზ) გამგეობის წევრთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
(თ) წყვეტს ამ წესდებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს, რომლებიც ამ წესდებით სხვა ორგანოთა უფლებამოსილებებს არ განეკუთვნება.
6.2.5 საერთო კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა სიითი შემადგენლობის 3/4-ის უმრავლესობით;
6.2.6 ასოციაციის წევრთა საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დგება ოქმი, რომელზეც აუცილებელია კრების თავმჯდომარის და მდივნის ხელმოწერა. ისინი აირჩევიან ასოციაციის წევრთა რიგებიდან ასოციაციის წევრთა საერთო კრების მიერ დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით.
6.3 ასოციაციის აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა, რომელიც შედგება 5 წევრისგან და აირჩევა ასოციაციის წევრთა საერთო კრების მიერ, ასოციაციის წევრთაგან 2 წლის ვადით.
6.3.1 გამგეობა ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) ასოციაციის პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს ასოციაციის სამოქმედო გეგმებსა და ანგარიშებს; შეიმუშავებს და ამტკიცებს ასოციაციის ორგანიზაციულ სტრუქტურას;
ბ) განსაზღვრავს ასოციაციის სტრუქტურულ ერთეულების ძირითად მიმართულებებს;
გ) თანხმობას აძლევს ასოციაციის პრეზიდენტს ასოციაციის თანამშრომლების დანიშვნასა და გათავისუფლებასთან დაკავშირებით;
დ) იღებს ამ წესდებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა გადაწყვეტილებებს ასოციაციის საწესდებო მიზნების მისაღწევად.
6.3.2 გამგეობის მუშაობას ხელმძღვანელობს ასოციაციის პრეზიდენტი, რომელიც იმავდროულად არის გამგეობის წევრი.
6.3.3 გამგეობის სხდომებს იწვევს ასოციაციის პრეზიდენტი. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა ასოციაციის პრეზიდენტის ინიციატივით. რიგგარეშე სხდომა ასევე შეიძლება მოწვეულ იქნას გამგეობის წევრთა ორი მესამედის წერილობითი მოთხოვნით;
6.3.4 გამგეობა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სხდომას ესწრება წევრთა 2/3;
6.3.5 გადაწყვეტილება გამგეობის სხდომაზე მიიღება დამსწრე წევრთა ხმათა უბრალო უმრავლესობით;
6.3.6 გამგეობის წევრს უფლებამოსილება უწყდება საერთო კრების მიერ:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) თუ გამგეობის წევრის საქმიანობა ეწინააღმდეგება ასოციაციის მიზნებს ან/და იგი არღვევს წინამდებარე წესდებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
6.3.7 გამგეობა ანგარიშვალდებულია ასოციაციის წევრთა საერთო კრების წინაშე;
6.3.8 გამგეობის მიერ ჩატარებული თითოეული სხდომის შემდეგ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს პრეზიდენტი და სხდომის მდივანი.
6.3.9. გამგეობის წევრები 2 წლის ვადით არიან:
- გიორგი შველიძე,
- ომარ გელაშვილი,
- ვასილი დოლიძე,
- შალვა სოყურაშვილი,
- ვიგენ ვართანოვი.
მუხლი 7. ასოციაციის პრეზიდენტი
7.1 გამგეობის გადაწყვეტილებათა აღსრულება, ასოციაციის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრება ასოციაციის პრეზიდენტს;
7.2 ასოციაციის პრეზიდენტს თავისი შემადგენლობიდან ირჩევს გამგეობა ყოველ 2 (ორ) წელიწადში ერთხელ; გადაწყვეტილება მიიღება, სიითი შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით;
7.3 ასოციაციის პრეზიდენტის უფლებამოსილება გრძელდება დადგენილი ვადის გასვლის შემდეგაც ახალი ასოციაციის პრეზიდენტის არჩევამდე;
7.4 არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ,,საქართველოს კინოოპერატორთა ასოციაციის“ პრეზიდენტად არჩეულია გიორგი შველიძე 2 წლის ვადით;
7.5 ასოციაციის პრეზიდენტი ახორციელებს ასოციაციის ფინანსური სახსრებისა და სხვა მატერიალური ქონების ოპერატიულ მართვას და პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე. იგი ხელს აწერს ასოციაციის ოფიციალურ, მათ შორის, საფინანსო დოკუმენტებს, გამოსცემს ბრძანებებსა და განკარგულებებს, რომლებიც სავალდებულოა ასოციაციის ყველა თანამშრომლისათვის. ასოციაციის პრეზიდენტი კოორდინაციას უწევს ასოციაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
7.6 ასოციაციის პრეზიდენტი მინდობილობის გარეშე ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად წარმოადგენს ასოციაციის ინტერესებს ყველა ორგანიზაციისა და უწყების წინაშე. იგი ორგანიზებას უწევს საერთო კრების და გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებას და წყვეტს ასოციაციის საქმიანობიდან გამომდინარე ყველა საკითხს;
7.7 ასოციაციის პრეზიდენტი მინდობილობის გარეშე ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში. მას ენიჭება სრული და შეუზღუდავი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ნებისმიერ მესამე პირთან ურთიერთობაში;
7.8 ასოციაციის პრეზიდენტი პასუხისმგებელია, რომ ასოციაციის საბუღალტრო საქმეები და აღრიცხვა წარმოებდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
7.9 ასოციაციის პრეზიდენტი ვალდებულია, ათი წლის განმავლობაში შეინახოს კანონით გათვალისწინებული ყველა დოკუმენტი ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებით;
7.10 ასოციაციის პრეზიდენტი ვალდებულია, წელიწადში ერთხელ მიაწოდოს ანგარიში გამგეობას შესრულებული სამუშაოს შესახებ და აცნობოს მას თავისი საქმიანობის შესახებ;
7.11 ასოციაციის პრეზიდენტი უფლებამოსილია:
ა) გამგეობის თანხმობით დანიშნოს და გაათავისუფლოს ასოციაციის თანამშრომლები;
ბ) დადოს სავალდებულო ძალის გარიგებები, გასცეს მინდობილობები;
გ) გახსნას ანგარიშები, გადაწყვიტოს კანონმდებლობით და ასოციაციის წესდებით გათვალისწინებული სხვა საკითხები.
მუხლი 8. ასოციაციის ქონება, საქმიანობა და პასუხისმგებლობა
8.1 ასოციაციის უფლება აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წარმართოს სამეწარმეო და სამეურნეო საქმიანობა;
8.2 ასოციაციის ქონებას შეადგენს წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფისათვის საჭირო ძირითადი ფონდები, საბრუნავი სახსრები და სხვა ფასეულობები, რაც ასახულია ასოციაციის დამოუკიდებელ ბალანსში;
8.3 ასოციაციის ფინანსურის სახსრების წარმოქმნის წყაროებია:
ა) საწევრო შენატანები;
ბ) გრანტები, ნებაყოფილობითი საქველმოქმედო შენატანები და შემოწირულობები;
გ) ასოციაციის მიერ მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების რეალიზაციით მიღებული შემოსავლები;
დ) ასოციაციის მონაწილეობით შექმნილი საწარმოების შემოსავლები;
ე) სხვა წყაროები, რომლებიც არ არის აკრძალული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;
8.4 ასოციაციას შეუძლია საკუთრებაში იქონიოს ქონება, რომელიც საჭიროა წესდებით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველსაყოფად;
8.5 ასოციაციის სამეწარმეო და სამეურნეო საქმიანობით მიღებული ქონება ასოციაციის წევრთა შორის არ გადანაწილდება და იგი გამოიყენება მხოლოდ საწესდებო მიზნების მისაღწევად;
8.6 ასოციაციის საკუთრებაში არსებული ქონება შესაძლოა გასხვისდეს, თუ გასხვისება ემსახურება ასოციაციის საქმიანობას, ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.
მუხლი 9. ასოციაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
9.1 ასოციაციის საქმიანობა წყდება:
ა) ასოციაციის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით;
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით;
9.2 ასოციაციის საქმიანობა წყდება მისი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის გზით;
9.3 ასოციაციის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წევრთა საერთო კრება. ლიკვიდაციას ახორციელებს გამგეობა. ასოციაციის ლიკვიდაციის დროს წევრთა საერთო კრება ამტკიცებს სალიკვიდაციო პროცედურას;
9.4 ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილები არიან:
ა) ასოციაციის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირები;
ბ) მსგავსი მიზნებისა და საქმიანობის მქონე არასამეწარმეო იურიდიული პირები;
9.5 ინფორმაცია ლიკვიდაციის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს.
მუხლი 10. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
10.1 წინამდებარე წესდება ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერის მომენტიდან;
10.2 თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე;
10.3 ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.